კურსის მიზანია მსმენელებმა გაიგონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი, რომელიც მდგომარეობს ორგანიზაციის მიზანმიმართულ კომუნიკაციაში საკუთარ სამიზნე აუდიტორიასა და დაინტერესებულ მხარეებთან, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. კურსი სასარგებლო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი ამოცანებისა და განხორციელების თანამედროვე ინსტრუმენტების თეორიის, ასევე პრაქტიკული ნიუანსებითა და ჩვენი ქვეყნის რეალობით. ვისთვისაც საზოგადოებასთან ურთიერთობა მათი და მათი ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვან და აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს შეეძლებათ:

  • ჩამოაყალიბონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსი და მის წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანები, ასევე მოახდინონ მისი განსხვავება ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სხვა მიმართულებებისაგან
  • მოახდინონ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვისათვის საჭირო ერთეულის შემადგენლობა და საჭირო რესურსები
  • სამიზნე აუდიტორიისა და მიმღებების სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრონ საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის გზავნილები და მოახდინონ შესაბამისი არხებისა და ინსტრუმენტების იდენტიფიკაცია
  • განსაზღვრონ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის საკომუნიკაციო ამოცანები და დაგეგმონ შესაბამისი საზოგადოებასთან ურთიერთობის და ადვოკატირების კამპანია

კურსი, მოიცავს, როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე პრაქტიკულ მასალას და  სავარჯიშოებს, თემატურად ეხება კანონმდებლობის და პრაქტიკის განხილვას, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ისეთ თემებზე, როგორიც არის ღია მმართველობა, ინფორმაციის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა. მსმენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მაგალითების სახით, თუ რა მეთოდებით ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუტების მონიტორინგი და რა ეფექტი და შედეგი აქვს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს.

კურსის გავლის შემდგომ მსმენელები მიიღებენ საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ღია, დემოკრატიული და კარგი მმართველობა, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რატომ არის აუცილებელი მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი და რა მექანიზმებით და ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი მოქალაქეების მიერ ხელისუფლების კონტროლი და როგორ უნდა უზრუნველყონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელისუფლების საქმიანობაში ჩართულობა.


საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსი წარმოადგენს პრაქტიკულად ორიენტირებული სემინარების ციკლს, რომელიც უპირატესად განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის. კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ის უშუალო გარემო, რომელშიც საჯარო პოლიტიკის ანალიზი ხორციელდება; აგრეთვე გააცნოს პოლიტიკის ანალიზის თეორია და დაეხმაროს კურსის მონაწილეებს ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სემინარების მსვლელობაში დაწვრილებით განიხილება პოლიტიკის ანალიზის მეთოდის შემადგენელი ნაწილები: პრობლემის განსაზღვრა, შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება, ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ალტერნატიული პროგრამების შედეგების შეფასება, არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. ყურადღება დაეთმობა, აგრეთვე, პოლიტიკის ანალიზის პროდუქტის ზეპირ და წერილობით პრეზენტაციას. კურსს უძღვება ქეთი მელიქაძე

მუნიციპალური საჯარო ფინანსები წარმოადგენს ონლაინ სასწავლო პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მუნიციპალური საჯარო ფინანსების მიმართულებით. კერძოდ, ონლაინ სასწავლო ლექციათა ციკლი მოიცავს ეკონომიკის და საჯარო ხელისუფლების ურთიერთმიმართების ზოგადი პრინციპების გაცნობას, საზოგადოებრივი საქონლის, გარეგანი ეფექტების და შემოსავლების გადანაწილების პრინციპების გაცნობას, ადგილობრივი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპების და მახასიათებლების გაცნობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანიზაციის პრინციპების გაცნობას, მუნიციპალიტეტის როლის გაცნობიერებას საჯარო მართვის სისტემაში, მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების გაცნობას, საბიუჯეტო სისტემისა და მისი პრინციპების გაცნობას, მუნიციპალურ დონეზე საბიუჯეტო პროცესის, მისი ეტაპების და ჩართული მხარეების ფუნქციების გაცნობას, მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სტრუქტურისა და პრობლემატიკის გაცნობას, ფისკალური დეცენტრალიზაციის პრობლემატიკის და ტრანსფერების სისტემის გაცნობას, საბიუჯეტო კლასიფიკაციის და ბიუჯეტის ფორმატის გაცნობას, მუნიციპალური საშუალოვადიანი დაგეგმვის და პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპების გაცნობას, მუნიციპალური ქონების ოპერირებისა და მუნიციპალური შესყიდვების საკითხების გაცნობას, მუნიციპალიტეტის შიდა და გარე აუდიტის, სახელმწიფო ზედამხედველობის და მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების საკითხების გაცნობას.

კურსს უძღვება თენგიზ შერგელაშვილი

კურსი გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მსმენელთათვის. წარმოდგენილი სალექციო კურსი მიზნად ისახავს, მსმენელებმა შეიძინონ საბაზისო ცოდნა სოციალური კვლევის, კვლევის სტრატეგიის, მეთოდოლოგიის, მეთოდიკის, ტექნიკის შესახებ. მსმენელებს საშუალება ეძლევათ, დაეუფლონ სოციალური ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც რელევანტურია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევებისათვის. კურსს აქვს პრაქტიკული (გამოყენებითი) ღირებულება: ის მოამზადებს მსმენელებს იმისათვის, რომ შეძლონ სოციალური კვლევების ჩატარება სუპერვაიზორთა მეთვალყურეობის ქვეშ. კურსს უძღვება იაგო კაჭკაჭიშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები წარმოადგენს ონლაინ სასწავლო პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს, საკითხით დაინტერესებულ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება სამართლებრივი აქტების მიმართულებით. კერძოდ, ონლაინ სასწავლო ლექციათა ციკლი მოიცავს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა საქართველოს სამართლებრივი აქტების სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტის შემუშავება, მიღება და გამოქვეყნება, ცვლილება და გაუქმება, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის შემუშავება და გამოცემა, გაუქმება და გასაჩივრება.

კურსს უძღვება ლევან ფანიაშვილი