ბატონმა კოკა კიღურაძემ პირველი ლექციის შესავალ ნაწილში ძალიან საინტერესოდ ისაუბრა საკრებულოს ფუნქციურ მახასიათებლებზე, რომელიც 5 ძირითად მიმართულებად დაყო. პირველივე ლექცია გახდა ინსპირაცია იმისა, რომ ჩემეული ხედვა წარმოგიდგინოთ საკრებულოს შესახებ.
საკრებულო მუნიციპალიტეტის ყველაზე რთული აგებულების, შინაარსობრივი და ფუნქციური თავისებურებებით გამორჩეული ორგანოა. მუნიციპალიტეტის საკრებულო ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპულ ქარტიაში ასახული საბჭოებისა და ანსამბლეების იდეის ქართული რეალობაზე ასახვის მაგალითია.
საკრებულო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოა, ის პოლიტიკური ხასიათის მატარებელია და მის ძირითად ფუნქციებს ადგილობრივი ნორმათშემოქმედებითი საქმიანობა და აღმასრულებელ ორგანოზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება წარმოადგენს. ვეცდები, ქვემოთ მოკლედ განვმარტო და გაგიზიაროთ ჩემი ხედვა საკრებულოს სტატუსთან დაკავშირებული თითოეული ფუნქციისა თუ მახასიათებელის შესახებ.
საკრებულო, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო - წარმომადგენლობითი ორგანოს სტატუსი ნიშნავს მის სამართლებრივ მდგომარეობას, მის როლსა და მიმართებას ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ინსტიტუციებთან. საკრებულოს მუნიციპალურ ინსტიტუციურ მოწყობაში წამყვანი როლი უკავია. ეს ხაზგასმულია, როგორც ევროპულ ქარტიაში, ისე კონსტიტუციაში და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, თუმცა ის რომ საკრებულოს წამყვანი როლი აქვს თვითმმართველობაში არ არის განპირობებული საკანონმდებლო აქტებში არსებული ჩანაწერით, პირიქით, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეში, ამ ფაქტის აღნიშვნის წინაპირობა საკრებულოს წარმომადგენლობითი ხასიათია. წარმომადგენლობითობა სძენს საკრებულოს ძალმოსილებას. საკრებულო მოსახლეობის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და მათი აზრის გამომხატველი ორგანოა, რითაც უზრუნველყოფს წარმომადგენლობით დემოკრატიას ადგილობრივ დონეზე.
საკრებულო, როგორც კოლეგიური ორგანო -საკრებულოს მიერ გადაწყვეტილებათა მიღებას წინ უძღვის გარკვეული პროცედურები, მათ შორის საკომისიო განხილვები, კომისიის მიერ საკითხებზე კონკრეტული დასკვნების შემუშავება, მათი წარდგენა საკრებულოს ბიუროსთვის და შემდგომში საკითხის განხილვა და გადაწყვეტა საკრებულოს სხდომაზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპს ახასიათებს კენჭისყრა, არცერთი საკითხი არ წყდება საკრებულოში და მის ორგანოებში კენჭისყრის გარეშე. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ არის დამახასიათებელი კოლეგიური ორგანოსთვის, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლეგიური ორგანოს წევრები თანაპასუხისმგებლობას იღებენ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მის შედეგებზე.
საკრებულო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს (13, მუხლი 2.1.,,ა“). ადმინისტრაციული ორგანოსათვის დამახასიათებელია ადმინისტრაციული კანონმდებლობისა და პრინციპების განუხრელი დაცვა. საკრებულო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, გამოსცემს, როგორც ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ (დადგენილება), ისე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (განკარგულება).
საკრებულო, როგორც პოლიტიკური ორგანო -საკრებულო პოლიტიკური ხასიათის ორგანოა, როგორც ვიწრო, ისე ფართო გაგებით. ვიწრო გაგებით, იმდენად, რამდენადაც საკრებულოს ფორმირება დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან, არჩევნებთან. სწორედ მუნიციპალურ არჩევნებზე მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნებისა და განწყობების პროპორციულად ფორმირდება მუნიციპალიტეტის საკრებულო. ე.ი. საკრებულოს ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენს პოლიტიკური პროცესი - არჩევნები. ფართო გაგებითაც საკრებულო პოლიტიკური ხასიათის ორგანოა, ვინაიდან ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და განსაზღვრა საკრებულოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. საკრებულოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის აღსრულებაზე კონტროლიც საკრებულოს ფუნქციაა. ხშირ შემთხვევებში საკრებულოს პოლიტიკური ხასიათის შინაარსობრივი მახასიათებლის ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ნიველირებულია თავად საკრებულოს წევრების მიერ და მისი პოლიტიკური სტატუსი გააზრებულია ვიწრო პარტიულ კონქტესტში, რაც მრავალი პრობლემის წარმოქმნის იმპულსირებას ახდენს, მათ შორის, საზოგადოების გახლეჩას სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებად, მოქალაქეთა ჩართლობის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებას და ა.შ. ე.ი. საკრებულოების ,,პარლამენტიზაციის" ტენდენცია აღრმავებს ხიდჩატეხილობას და ზრდის რადიკალიზაციის ხარისხს, ნაცვლად იმისა, რომ საკრებულოს წევრები დაკავებული იყვნენ თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ფორმებზე და გზებზე. ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციური კოორდინატები ადგილობრივ დონეზეა ორიენტირებული, არ არის სასურველი საკრებულოები დაკავდნენ ,,დიდი პოლიტიკით" (არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საკრებულოს სხდომებზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, რომელიც ქვეყნის უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება).
საკრებულო, როგორც ადგილობრივი ნორმათშემოქმედებითი ორგანო - საკრებულო ადგილობრივ დონეზე ეწევა ნორმათშემოქმედებით საქმიანობას, რაც გულისხმობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას (დადგენილება/განკარგულება) და ამ გზით კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაციების ადაპტირებას ადგილობრივ პირობებზე და ლოკალიზებას მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ან მის სპეციალურად განსაზღვრულ მონაკვეთზე. ადგილობრივ ნორმათშემოქმედებით საქმიანობაზე ხორციელდება სამართლებრივი ზედამხედველობა, თუმცა ზედამხედველობა მოიცავს საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხოლოდ კანონშესაბამისობის დადგენის მიზანს და იგი არ ერეოდეს აქტის მიღების მიზანშეწონილობის ნაწილში. ამ ნაწილშიც ხშირია შემთხვევები, როდესაც თავად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს მიაწერენ საკანონმდებლო ორგანოს სტატუს, რაც უხეში ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი შეცდომაა.
საკრებულო, როგორც კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო - საკრებულოს მიერ კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება, როგორც მუნიციპალიტეტის მერზე, ისე მის სტრუქტურულ ერთეულებზე საკრებულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელების ფორმებია: შეკითხვა, ინტერპელაცია, ანგარიშის მოსმენა, თუმცა ამ ფუნქციის განხორციელებისათის არაფორმალური მექანიზმების გამოყენებაც მნიშვნელოვანი და ეფექტურია. ყველაზე ეფექტური კი საკრებულოს ან ცალკე აღებული საკრებულოს წევრი/ების მიერ, კონკრეტული საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლზე საზოგადოებრივი მხარდაჭერით არგუმენტირებული ,,იერიშია“. ამავდროულად, ვინაიდან საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება ერთგვარი ,,საზოგადოებრივი აუდიტია", მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მაკონტოლებელი სტრუქტურა - შიდა აუდიტის სამსახური, გამოვიდეს აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებიდან და მისი ხელმძღვანელის არჩევამ საკრებულოს ფუნქციებში გადმოინაცვლოს, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს კოორდინაცია შიდა აუდიტთან, რაც ვფიქრობ, კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტურობის ზრდას გამოიწვევს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საკრებულომ აუდიტის ხელმძღვანელი აირჩიოს მინიმუმ 5 წლის ვადით (საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე მეტი ხანგრძლივობით), რათა შეიქმნას მისი დამოუკიდებლობის უფრო მყარი გარანტიები.
მოგესალმებით ბ-ნ სანდრო
ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე საინტერესოდ გაშალეთ მსჯელობა საკრებულოს ფუნქციების შესახებ.
ბატონო სანდრო, ვფიქრობ ამ პროცესში თქვენი ჩართვა საინტერესო იქნება - https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/tematuri-mokvleva/regionuli/decentralizacia/tor-decentralizacia.pdf
პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა - დეცენტრალიზაციის როლი და გამოწვევები მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისთვის.
მადლობა სალომე გამოხმაურებისთვის,
თემატური მოკვლევის შესახებ ინფორმირებული ვარ, თუმცა ჩართულობის რა მოგახსენოთ:)