მოგესალმებით, საინტერესოა რომელიმე მუნიცპალიტეტში თუ დამდგარა მერის ან მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი? მუნიციპალიტეტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მერის წლიური ანგარიშის მოსმენაც კი არ მომხდარა ტყიბულის მუნიციპალიტეტში და რადგანაც საკრებულოს წევრების უმცირესობა მართლაც უმცირესობაშია, ვერასდროს ვერ მოხერხდება ჩვენის მხიდან ამ საკითხების კანონით გათვალისწინებული და მონიჭებული ქმედებების შესრულება.
არ ვიცი ტყიბულში რატომ, მაგრამ პრაქტიკაში უკვე 5-6 წელია დანერგილია და ყოველწლიურად ვისმენთ მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სიღნაღის საკრებულოში, ასევეა საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტებში. თვითმმართველობის კოდექსით საკრებულოს უფლებამისილებას მიეკუთვნება მერის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანლის (ხელმძღვანელების) ანგარიშების მოსმენა და შეფასება. რაც შეეხება პასუხიმგებლობის საკითხის დასმას, მას შეუძლია არსებული ნაკლოვანების შესახებ აღნიშნოს შეფასებაში, გადაუგზავნოს მერს და დისციპლინალური პასუხისმგებლობის საჭიროების ან სხვა ღონისძიების გატარებაზე უკვე უნდა იმსჯელოს მერმა "საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად.
მოგესალმებით ქალბატონო მაკა,
თქვენ მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით შემიძლია ერთი საინტერესო დეტალი გაგიზიაროთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, მერის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა ერთი მხრივ, აღმასრულებელი ორგანოსთვის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნაა, თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, საკრებულოს მიმართ კანონი არ აწესებს ანგარიშის მოსმენის სავალდებულო ხასიათს. ბუნებრივია, საკრებულოს მიერ მერის ანგარიშის მოსმენა, პირველ რიგში, საკრებულოს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს და მასზე (მერზე) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად უნდა აღიქმებოდეს. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელიც ოპოზიუციური უმრავლესობით არის წარმოდგენილი, არ მოისურვა მერის წლიური ანგარიშის მოსმენა და საკუთარი ნებით თქვა უარი ამ ფორმით მერზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობაზე. მეეჭვება, მსოფლიო მუნიციპალიზმის ისტორიაში მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულიყო. ასეთ აუხსნელ უცნაურობებსაც აქვს ადგილი ქართული მუნიციპალიზმის პრაქტიკაში.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მერი არ ასრულებს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს, საკრებულოს ხელში ყველაზე ბასრი იარაღი მერის მიმართ უნდობლობის პროცედურის დაწყებაა, ხოლო მერიის თანამდებობის პირის მიმართ მხოლოდ სარეკომენდაციო მითითებით შეიძლება შემოიფარგლოს.
მოგესალმებით,
გაგიზიარებთ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამოცდილებას, ჩვენს მუნიციპალიტეტში წლებია მერი კანონით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს საკრებულოს, როგორც ვიცით, ანგარიშის წარდგენა აღმასრულებელი ორგანოსთვის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი მოთხოვნაა, ასევე ხდება მოსახლეობასთან შეხვედრები და სწორედ იქ ხდება ანგარიშის წარდგენა, გაცნობა თუ რა განხორციელდა მუნიციპალიტეტში და რა იგეგმება სამომავლოდ, მოსახლეობის მხრიდან შეხვედრების დროს ინტერესს იწვევს მერისა და მერიის სამსახურების ანგარიშები, ასევე მოსახლეობის მიმართვიანობაც განსხვავდება მერიასა და საკრებულოში, თხოვნები, განცხადებები, ბევრად უფრო მაღალია მერიაში ვიდრე საკრებულოში, ასეა ჩვენს მუნიციპალიტეტში, მაინტერესებს სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილება?
ბატონო სანდრო,
საინტერესო ფაქტი გაგვიზიარეთ ნამდვილად. თქვენ თქვით და მეც გიდასტურებთ, რომ მერის მიერ ანგარიშის წარდგენა კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. საინტერესოა თვით პროცედურები- ანუ, მერმა აღასრულა თუ არა კანონი და კანცელარიის საშუალებით , ელექტრონულად , წარადგინა თუ არა ანგარიში.( ვერანაირი საკრებულოს გადაწყვეტილება ვერ გაანთავისუფლებდა ამ მოვალეობისგან)
თუ არ წარადგინა , კანონის დარღვევაა მერის მხრიდან.
თუ წარადგინა და საკრებულომ არ განიხილა(საინტერესოა რა სამართლებრივი აქტით თქვა უარი) , ესეც კანონის დარღვევაა. კანონი საკრებულოს არ ათავისუფლებს ანგარიშის მოსმენის ვალდებულებისგან იმიტომ ,რომ საკრებულოს უფლებამოსილებაა- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება და მასში მოიაზრება მერიც. საკრებულომ თავად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, დაარღვია კანონი და თავისი გადაწყვეტილებით ხელი შეუშალა მერს კანონის აღსრულებაში.
მერისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა კი ,შეიძლება განვიხილოთ საკრებულოს მხრიდან , უფლებამოსილების გადამეტებად.
გმადლობთ .
ქალბატონო ლია,
რა თქმა უნდა, მერმა წერილობით, ნარატიული სახით, საკრებულოში გამოაგზავნა მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. უბრალოდ, ვერბალურად ანგარიშის ჩაბარების შესაძლებლობა არ მიეცა იმ მარტივი მიზეზით, რომ საკრებულოს უმრავლესობამ (ოპოზიცია) არ მოისურვა ანგარიშის მოსმენა. მარტივად რომ ვთქვათ, მერს შეუმსუბუქეს ანგარიშვალდებულების ტვირთი და არ გამოიყენეს ანგარიშის მოსმენა, როგორც მასზე ზემოქმედების ბერკეტი.
მოგესალმებით, მადლობა თემით დაინტერესებისთვის.
ბოლო პერიოდში ჩემი ინფორმაციით არ მომხდარა მერის მიმართ უნდობლობის გამოცხადება. მათ შორის არც საკითხის ინიცირება. ამ მხრივ საინტერესო იქნება სხვა მუნიციპალიტეტების პრაქტიკა ხომ არ ყოფილა ინიცირების სურვილი და როგორ წარიმართა პროცესი?
საინტერესეოა ასევე უნდობლობის მექანიზმზე საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5157354?publication=0 .
დავეთანხმები ბატონ სანდროს, რომ მოქმედო კანონმდებლობით პასუხისმგებლობის ზომად უნდობლობის გამოცხადების უფლება საკრებულოს მხოლოდ მერის წინაშე აქვს, ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის პოლიტიკური მოტივით. ასევე, საკრებულოს უფლება აქვს სხვა პირების მიერ რეგლამენტის და კოდექსის დარღვევის შემთხვევაში გასცეს რეკომენდაცია. ამ დროს საკრებულოს შეუძლია მიმართოს მერს წინადადებით, თავად გამოიყენოს დარღვევის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებს შეუძლიათ შედარებით რთული საზედამხედველო მექანიზმები გამოიყენონ რეაგირების ზომად, დაიბარონ პირი კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე სავალდებულო წესით, ჩაიბარონ რიგგარეშე ანგარიში, მოიწვიონ ინტერპელაციაზე და ა.შ. თითოეულ ამ მექანიზმს პროცედურული განმარტება და გაწერა სჭირდება, რაც რეგლამენტებში უნდა მოხდეს, ამ გზით საკრებულოს მარტივად შეეძლება ეფექტიანი კონტროლი განახორციელოს აღმასრულებელ ორგანოზე. ამავდროულად ზედამხედველობა არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ პარტიულ ჭრილში, საკრებულოს ეფექტიანი მუშაობისთვის სჭირდება მტკიცებულებებზე დაფუძნებით იცოდეს როგორ სრულდება მის მიერ გამოცემული აქტები, მის მიერ განსაზღვრული პოლიტიკა და რას აკეთებს აღმასრულებელი ორგანო ამის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის მერი ანგარიშვალდებულია საკრებულოს და მოსახლეობის წინაშე. მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით აირჩევა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად: ,,მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო“ (მუხლი 169.2). ე.ი. მუნიციპალიტეტის მერად ასარჩევად საკმარისია არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების 50% პლუს 1 ხმა. მერის არჩევისაგან განსხვავებით, საკრებულოს ფორმირებისათვის საჭიროა მუნიციპალურ არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა 100%, ვინაიდან საკრებულოს ფორმირების პროცესი არჩევნებზე მისული აქტიური საარჩევნო ხმის უფლებით მოსარგებლე ადამიანების მიერ დაფიქსირებული პოლიტიკური განწყობების პროპორციულ გარდასახვას გულისხმობს საკრებულოს მანდატებში. სწორედ ეს მახასიათებელი გამოარჩევს კოლეგიური და წარმომადგენლობითი ორგანოს ერთპიროვნულად არჩეული პირისაგან. ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან ნათლად ჩანს, საკრებულოს ნდობის მანდატის მოცულობა და ეჭვგარეშეა, მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულების პოლიტიკურ-სამართლებრივი მართებულობა. თუ ერთი მხრივ, პოლიტიკურად, ლოგიკურად და სამართლებრივად მყარად დასაბუთებულია მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება, მეორე მხრივ, სათუოა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე მუხლში მოცემული დებულებები მერისთვის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უნდობლობის გამოცხადებისა და თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობის შესახებ, რისი ინიცირებაც მოსახლეობას და საკრებულოს შეუძლიათ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება საკრებულოს აქვს მინიჭებული. საკრებულოს მიერ მერის გადაყენების შესაძლებლობა, მაშინ როდესაც მერი არა საკრებულოსგან, არამედ პირდაპირ მოსახლეობისგან იღებს ლეგიტიმაციას, კითხვის ნიშნებს ბადებს და ზრდის რისკებს იმის შესახებ, რომ მსგავსი მექანიზმის არსებობა, ცალკეულ შემთხვევებში, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც მსჯელობა უკიდურესად საინტერესოდ ვითარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მოკლედ რომ შევაფასოთ გადაწყვეტილება, ის ამბობს, რომ მერის უნდობლობის საკითხი სრულად პოლიტიკურია და სამართალი მას მხოლოდ ნორმატიულ აკომპანიმენტს უქმნის. ამგვარად, მერის მიმართ უნდობლობის საკითხის ინიცირებაც და გადაწყვეტაც თავიდან ბოლომდე პოლიტიკური, ანუ, სუბიექტური მდგენელით ხასიათდება
ბატონო სანდრო მადლობა საინტერესო მსჯელობისთვის.
ნამდვილად მხოლოდ პოლიტიკური საკითხია, და დასაბუთება თავად ინიციატორების მხრიდან არ სჭირდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უნდობლობას საკრებულოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება, ინიციატორებს მოუწევთ სათანადო არგუმენტაციით საკუთარი ინიციატივის გამყარება, რომ ერთი მხრივ შედეგს მიაღწიონ საკრებულოს სხდომაზე და მეორე მხრივ უფრო მეტად იყვნენ მოქალაქეებთან ანგარიშვალდებული გადაწყვეტილების მიღების დროს.
ძალიან საინტერესო მსჯელობა განავითარეთ. ვფიქრობ, წარმომადგენლობითი ორგანოს საზედამხედველო ფუქცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აგარიშვალდებულების, როგორც უმნიშვნელოვანესი პრინციპის რეალიზებისთვის, შესაბამისად, ის სრულად უნდა დაიცალოს ვიწრო პარტიული კონტექსტისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ ასახავს მოქალაქეთა ნამდვილ საჭიროებებს.