პირველ რიგში, ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელმწიფო ინსტიტუციური მოწყობის სისტემაში უნდა იყოს დანახული, როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლების ორგანო, რომელიც დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა განხილული უნდა იყოს უფლებრივ ჭრილში, როგორც მოქალაქის უფლება და შესაძლებლობა. უფლება იმისა, რომ ისარგებლოს, როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლებით და რაც მთავარია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან არჩევნების გზით გაფორმებული ,,პოლიტიკური ნარდობის ხელშეკრულების“ ვადის ამოწურვამდე აქტიურად იყოს ჩართული პროცესებში ,,ხელშეკრულების“ პირობების კეთილსინდისიერი შესრულების მონიტორინგის მიზნით.
ერთი მხრივ, წარმომადგენლობით ორგანოებს საკანონმდებლო დონეზე გარანტირებული აქვთ აღმასრულებელი ორგანოების კონტროლისა და ზედამხედველობის ინსტრუმენტები, თუმცა მეორე მხრივ, სუსტია განხორციელებული კონტროლის შედეგებზე რეაგირების მექანიზმი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ საჭიროა, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული საქმიანობის კონცეპტუალური გადახედვა, ინსტიტუციური მოწყობის მოდელისა და მეთოდურ-ორგანიზაციული ფორმირების მორგება არსებულ გამოწვევებთან და შერწყმა თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდოლოგიასთან.
ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით დაინერგოს ,,სახალხო საკრებულოს“ მექანიზმი, სადაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება აზრის დაფიქსირება და ხმის მიცემა ელექტრონულად საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე ისეთ დოკუმენტებზე მაგალითად, როგორიც არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. აღნიშნული დოკუმენტების ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო იქნება სწორედ ,,სახალხო საკრებულოს“ მხარდაჭერა, ხოლო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს წევრები იქნებიან სახალხო გადაწყვეტილების ,,მცველები“.
ყოველივე ზემოაღნიშნული, საკრებულოს, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, ყოველ ჯერზე განუახლებს ნდობის მანდატს და მისცემს შესაძლებლობას საკუთარი ამომრჩევლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს მკაცრი კონტროლი და ზედამხედველობა გაუწიოს, თამამად, მოსახლეობის ნამდვილი ნების შესაბამისად. მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, თავად იქნება დაინტერესებული, ფართო მასების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჯეროვანი აღსრულებით, რათა პოლიტიკური ნდობით მომავალშიც ისარგებლოს.
ასევე, მნიშვნელოვანია საკრებულოებმა ხშირად მიმართონ საჯარო კონსულტაციების მეთოდს სხვადასხვა საკითხების განხილვის დროს, რათა მიღებული გადაწყვეტილებები იყოს პოპულარული და მაქსიმალურად ასახავდეს მოსახლეობის განწყობებს. მსგავსი მიდგომების დანერგვის შემთხვევაში თვითმმართველობა გააზრებული იქნება, როგორც ორმხრივი ზემოქმედების არეალი.