მოგესალმებით,
პირველ რიგში მადლობა საინტერესო ლექციებისთვის.
ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის წარდგენა, ეფექტური ღონისძიება შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზის გამო: მოქალაქეებისთვის რეგულარული ანგარიშების მიწოდება ხელს შეუწყობს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას, იწვევს ნდობის გაზრდას ამომრჩევლებში, როცა მათ ვაწვდით რეგულარულად საკრებულოს გადაწყვეტილებების, საქმიანობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა წინაშე ერთ-ერთი განმაპირობებელია მათ საჭიროებებზე სწორი რეაგირებისა და უკეთესი გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ანგარიშების საჯაროდ წარდგენა შეიძლება იყოს არჩეულ თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის კარგი საშუალება. ამ დროს მოქალაქეები ეცნობიან მნიშვნელოვან მიღწევებს და გამოწვევებს უშუალოდ, მათ მიერ არჩეული პირებიდან და აქვთ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები, კონკრეტული საკითხები და მიიღონ მათზე პასუხები. ისინი ხშირად არ დადიან საკრებულოს და კომისიის სხდომებზე, ამიტომ მათ ამ დროს საშუალებას ეძლევათ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, შეშფოთება თუ წინადადებები, რაც დაგვეხმარება შემდგომი ქმედებების სწორად დაგეგმვაში და განხორციელებაში. ვფიქრობ, მოქალაქეებთან მარტო მიღწევებზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი, აუცილებლად უნდა ვესაუბროთ არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის სირთულეებზე.
თუ ანგარიშების წარდგენას არ მივცემთ მხოლოდ ფორმალურ სახეს, ამით გავაძლიერებთ დემოკრატიას - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და არჩეულ თანამდებობის პირებსა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობის გზით, რაც გამოიწვევს უფრო ეფექტურ და პასუხისმგებელიან თვითმმართველობას. ამიტომაც საკრებულოს თითოეულ წევრზე, ძალიან ბევრია დამოკიდებული, სამწუხაროდ მიდგომები ხშირად ფორმალურია და ეს უნდა შეიცვალოს.
მარინე ძალიან დიდი მადლობა
გეთანხმებით და ძალიან სასიხარულოა როცა საკრებულოს წევრები ხედავენ ანგარიშვალდებულების სიკეთეებს, როგორც ტრენინგზე ასევე პრაქტიკაშიც. ადრე თუ გვიან ყველა საკრებულოს წევრს დაუდგება ეს საჭიროება რომ პოლიტიკაში ყოფინის წინაპირობა გახდება მისი ანგარიშვალდებულების ხარისხი.