დღე მშვიდობისა კოლეგებო,
ჩვენ კოდექსითა თუ რეგლამენტით მკაფიოდ გვაქვს გაწერილი საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმები და ის ანგარიშვალდებულებები, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გააჩნიათ, თუმცა, სამწუხაროდ, არსად არ ჩანს ის სანქციები, რაც შეიძლება მოჰყვეს საკრებულოს წევრის მხრიდან ვალდებულების გვერდის ავლას, გულგრილობას ან ზოგადად შეუსრულებლობას.
ამდენად, ადამიანური დაზიანებული ბუნებიდან გამომდინარე, თუ არ გაჩნდა კონკრეტული, მკაფიო და ხელშესახები საქნციები ვალდებულების შეუსრულებლობასთან მიმართებით, არაეფექტიანი მგონია რეგლამენტისა თუ კოდექსის ჩანაწერები.
მაინტერესებს თქვენი პოზიცია და ხედვა ამ საკითხთან მიმართებით.
წინსწრებით მადლობას გიხდით ყურადღებისათვის.
სასიამოვნო და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ.
მოგესალმებით ამირან,
საკრებულოს წევრის „სანქცირებაზე“ საუბრისას, პირველ რიგში უნდა ამოვიდეთ ამ პირის განმწესების წესიდან და ფუნქციებიდან. საკრებულოს წევრი არის მოსახლეობის მიერ გარკვეული ვადით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი. მისი ფუნქციაა იყოს იმ კოლეგიური ორგანოს წევრი, რომლის ძირითადი ფუნქციაც არის ადგილობრივი პოლიტიკის დადგენა, რეგულირება და აღმასრულებელი რგოლის კონტროლი. საკრებულოს წევრის უფლებამოსილებებიც, სწორედ ამ ფუნქციებიდან გამომდინარეობს - წარადგინოს წინადადებები, იყოს კომისიის წევრი, მიიღოს მონაწილეობა სხდომებში, გააჟღეროს წინადადებები, დასვას კითხვები და სხვა. თუ არ ჩავთვლით საკრებულოს თანამდებობის პირებს, ის თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე და ამისთვის არ იღებს ანაზღაურებას (გარდა უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებისა). საკრებულოს წევრი ძირითადად ახორციელებს ისეთ უფლებამოსილებებს, რომელის ავკარგიანობა, შეფასებითი კატეგორიაა და ეს უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა ყოველი არჩევნების დროს. სწორდ აქედან გამომდინარეობს კანონმდებლობის მიდგომა, რომ საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების შეწყვეტის საფუძვლებად მითითებულია განსაკუთრებული შემთხვევები (შემთხვევები რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას) და ეს საფუძვლები მეტწილად დაკავშირებულია ობიექტურად დადგენად ფაქტებთან (არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში, დაიკავა სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა და სხვა). შესაბამისად, საკრებულოს წევრის „სანქცირება“ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესების გზით ვერ მოხდება. მას შეიძლება დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამომრჩევლის მხრიდან (მისი აღარ არჩევით) ან მას შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება განსაკუთრებული, ობიექტურად დადგენადი ფაქტობრივი მოცემულობის დროს. რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა საჯარო მოხელის შემთხვევაში, რომელიც სამსახურში, პროფესიული ნიშნით კონკურსის წესით უვადოდ ინიშნება. დადგენილია მისი პერიოდულად შეფასების სისტემა, მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები - წესები, გათავისუფლების საფუძვლები და სხვა. შეჯამების სახით, რომ ითქვას, განსხვავებით პროფესიული მოხელისგან, საკრებულოს წევრი არის არჩევითი პოლიტიკური ფიგურა და მისი პასუხისმგებლობის საკითხიც აქედან უნდა გამომდინარეობდეს.
მადლობა გამოხმაურებისთვის ბატონო ლევან.
ვიზიარებ თქვენს პოზიციას, თუმცა, პრაქტიკულ, ფსიქო-ემოციურ ნაწილში, თუ მე არ მექნა მყარი, მკაფიო განცდა, რომ თუ ანგარიშს არ წარვადგენ, ამის გამო გარკვეული პასუხისმგებლობა დამეკისრება, ადამიანური დაცემული, სიზარმაცის ბუნებიდან გამომდინარე, დავიზარებ და არ გავაკეთებ ანგარიშს... არც სამ თვეში ერთხელ გავმართავ საჯარო შეხვედრას, თუ ამის გამო, არც არავინ "მომთხოვს" პასუხს...
იგივე ღვედის ამბავი რომ გავიხსენოთ, სანამ სანქცია არ იქნა შემოღებული, ჩვენი ცნობიერება არ იყო მზად, თავად გვეზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობის დაცვაზე.
შეიძლება ბოლომდე ვერ ვახერხებ ჩემი სათქმელის მკაფიოდ გადმოცემას.
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.
ამირან მოგესალმები და გიდასტურებ ჩემს პატივისცემას
რაც შეეხება პასუხისმგებლობის ზომას ინ "განსაზღვრულია" უბრალოდ არ მუშაობს, ეს პასუხიმგებლობის ზომაა ის რომ პოლიტიკა ადრე თუ გვიან მოიშორებს ყველა არაანგარიშვალდებულ პოლიტიკოსს. შეიძლება პირდაპირი სამართლებრივი მექანიზმი არ გვაქვს და ჩემი აზრით არც უნდა გვქონდეს. პოლიტიკაში მთავარი მსაჯული მაინც ამომრჩეველია.