ლექციის ფარგლებში საუბარი იყო კანონის დარღვევის გამო თანამდებობის პირების მიმართ რეაგირების ფორმების გამოყენებაზე, მათ შორის განკარგულების მიღებაზე. რა შინაარსის უნდა იყოს განკარგულება და როგორია მისი აღსრულების მექანიზმი?
ვფიქრობ, რეაგირების ფორმების საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში უფრო დეტალურად და მკაცრად უნდა იყოს მოწესრიგებული და ითვალისწინებდეს ისეთ ფორმებს, რომელიც აღსრულებადი იქნება და შედეგზე ორიენტირებული.
მოგესალმებით მარიამ,
თუ გულისხმობთ განკარგულებას, როგორც მერიის თანამდებობის პირების მიერ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპის უგულველყოფის შემთხვევებში საკრებულოს რეაგირების მექანიზმს, მას მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. გეთანხმებით, რომ თვითმმართველობის კოდექსმა უფრო დეტალურად უნდა მოაწესრიგოს ეს ნაწილი, კერძოდ: სასურველია, კოდექსის შესაბამის მუხლში მითითებული იყოს რომ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების მიერ ანგარიშვალდებულების მოთხოვნების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია. ამ შემთხვევაში მერს კანონი დაავალდებულებს პირდაპირ, რომ დარღვევის ხარისხის პროპორციული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენოს, ხოლო ასეთის გამოუყენებლობის შემთხვევაში საკრებულოს ექნება ნორმატიული საფუძველი მიმართოს სასამართლოს და მერს მოსთხოვოს ქმედების განხორციელება.
განკარგულების გამოცემა ერთ-ერთი მექანიზმია მხოლოდ. საკრებულომ შეიძლება არ გამოსცეს განკარგულება და ამის ნაცვლად მიმართოს წერილით მაგალითად მერს, ან საოქმო ჩანაწერი გაკეთდეს სადაც დაფიქსირდება დარღვევის შემთხვევები. ასეთი იყო წალენჯიხაში გასულ წელს, ფრაქციის თავმჯდომარემ მიმართა მერის მოვალეობის შემსრულებელს და აცნობა რეგლამენტის დარღვევის ფაქტის შესახებ. მათ შორის სამანდატო (ან მსგავსი) კომისიის მიერ ამ ფაქტების პერიოდული აღნუსხვა და ანგარიშის ბიუროსთვის წარდგენაც ერთ-ერთი რეაგირების მექანიზმია.
აქ საუბარია იმ ფარგლებზე რისი უფლებაც ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით აქვს საკრებულოს, ჰქონდეს რეაქცია ანგარიშვალდებული პირის მიერ მისი მოთხოვნის ან კანონის მოთხოვნის უგულვებელყოფაზე.