მოგესალმებით,
დიდი მადლობა საინტერესო ლექციებისთვის♥️
საინტერესოა თუ არსებობს კარგი პრაქტიკები საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების, ასევე რეგლამენტით განსაზღვრული დამატებითი საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების შესახებ, რამდენად ხშირად ხდება საკრებულოების მიერ ამ მექანიზმების პრაქტიკაში განხორციელება და თუ ყოფილა საპასუხო რეაგირება მერიების მხრიდან, ასევე განხორციელების და დამდგარი შედეგის თვალსაზრისით რომელი მექანიზმი შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე ეფექტურად?
პატივისცემით,
მარიტა
მარიტა მადლობა კითხვისთვის.
ნორმატიულ დონეზე მოწესრიგების კარგი პრაქტიკა აქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა მიმართულებით: ზუგდიდი და ლენტეხი (ახალი მექანიზმები და პროცედურული სიცხადე), ქუთაისი (ახალი მექანიზმები, პროცედურული სიცხადე და რეაგირების ფორმები), თელავი (თემატური მოკვლევა), მესტია (რეაგირების ზომები). აქვე აღვნიშნავ, რომ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ზუგდიდის ახალ ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა საზედამხედველო მექანიზმების ველი რაც ჯერ მართალია არ არის სრულად ამოქმედებული თუმცა ძალიან კარგი ნაბიჯია.
ყველაზე ხშირად გამოყენებადია წერილობითი და ზეპირი შეკითხვა, შეხვედრები ანგარიშვალდებულ პირებთან (თუმცა აქაც განვმეორდები, რომ მათი აღრიცხვა რთულად ხდება), მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ააიპების, ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიური ანგარიშების მოსმენა. ანუ ისეთი მექანიზმები რომლებიც კანონით ანიჭებს ანგარიშვალდებულ პირს ვალდებულებას რომ შეასრულოს და ასევე მარტივი მექანიზმებია.
ფაქტიურად არ ხდება (ერთეული შემთხვევების გარდა) ანგარიშვალდებული პირის რიგგარეშედ მოწვევა კომისიაზე ან საკრებულოს სხდომაზე (არ უნდა გავაიგივოთ განსახილველ საკითხებზე მათ თანამომხსენებლად ან დამსწრე პირად დასწრებასთან), დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება, ინტერპელაცია და ა.შ, ახალი მექანიზმებიც ჯერ-ჯერობით არ გამოყენებულა.
ზოგადად ზედამხედველობის კარგი პრაქტიკების გამოვლენას სტატისტიკური და ღია ინფორმაციის არარსებობაც უშლის ხელს. ამ კუთხით კარგი იქნება თუ საკრებულოები გარკვეულწილად იმუშავებენ და ინფორმაციის სტრუქტურიზებას მოახდენენ.
შესაბამისად, რადგან ყველა მექანიზმი არ გამოყენებულა ეფექტურობაზე და ეფექტიანობაზე ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა თეორიულად მნიშვნელოვანია ვიფიქროთ რა შედეგის მიღწევა სურს და რისი კონტროლი საკრებულოს წევრს, კომისიას, ფრაქციას თუ მთლიანად საკრებულოს? შესაძლებელია, რომ თემის მოკვლევა დაიწყოს წერილობითი შეკითხვით და გადაიზარდოს სხდომაზე მოწვევაში ან სულაც იმდენად მნიშვნელოვან პრობლემასთან გვქონდეს საქმე რომ საჭირო გახდეს ნორმატიული ბაზის ცვლილება.
კონტროლი კონტროლისთვის არ უნდა იყოს გაგებული. ამიტომ არის ბევრი მექანიზმის ინიციატორი საკრებულო ან სხვა სუბიექტი და არ არის გაწერილი სავალდებულო წესით. თუმცა, რეგულაცია უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას რომ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო არ შეფერხდეს საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაში.
ეს არის რაც პრაქტიკის და ნორმატიული ბაზის შესწავლამ აჩვენა, თუმცა როგორც ვიცი ამ მოდულში საკრებულოს წევრებიც არიან ჩართული და მათი გამოცდილების გაზიარებაც კარგი იქნება. რა უფრო შეუწყობს ხელს მათი მხრიდან ზედამხედველობის უკეთ განხორციელებას? რა არის საჭირო ამისთვის, ნორმატიული ბაზის ცვლილება, გამართული პროცედურები, დამატებითი ადამიანური რესურსი თუ პოლიტიკური ნება?
სალომე დიდი მადლობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა!