მოგესალმებით,
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსი“ მე-26 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი მართალია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს აძლევს შესაძლებლობას მოითხოვონ საკრებულო რიგგარეშე სხდომის ჩატარება, მაგრამ მეორე მხრივ, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1 პროცენტის ხელმოწერების შეგროვების ორგანიზება და დამატებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთ კვირიანი ვადა ხომ არ უკარგავს ამ მექანიზმს სიცოცხლისუნარიანობას, მაშინ როდესაც ყოველი თვის პირველ პარასკევს ისედაც ტარდება საკრებულოს მორიგი სხდომა. მაინტერესებს, ყოფილა თუ არა რომელიმე მუნიციპალიტეტში მოქალაქეების ინიცირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევის პრეცენდენტი და თუ არა, მაშინ ხომ არ ფიქრობთ, რომ კანონის ეს ჩანაწერი არაქმედითია?
ბუნებრივია 1 კვირიან ვადაში ხელმოწერების შეგროვება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, კანონის დანაწესი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოთხოვნის/წინადადების წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. ამომრჩეველთა ინიციატივით ამ პროცესის დაწყება შედგება 2 ეტაპისგან: 1) საინიციატივო ჯგუფის მიერ პროცედურების დაწყება; 2) ლოგიკური ვადაში (30 დღე, როგორც კანონის ძირითადი ლოგიკა მსგავსი პროცედურებისთვის, მაგ: დასახლების კრება) ხელმოწერების შეგროვება და უკვე ამომრჩეველთა 1%-ის მიერ მხარდაჭერილი ინიცირების წარდგენა. სწორედ ამ ლოგიკას ეფუძნება, თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე მიღებული საკრებულოს რეგლამენტებიც, რომლის მიხედვითაც საინიციატივო ჯგუფს, მიმართვიდან 30 დღე აქვს ხელმოწერების შესაგროვებლად (მაგ: ზუგდიდის საკრებულოს რეგლამენტის 120-ე მუხლი). რაც შეეხება ამ მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენებას, გეთანხმებით რომ საკმაოდ რთულია პროცედურაა გასავლელი.